ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან - კახა საბანაძესთან, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ მინისტრს წარუდგინა ის რუკები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართების ადგილმდებარეობას ასახავს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახსაც გაესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.
გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.