14 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის ეროვნული პოლიციის ექსპერტთა ჯგუფის დელეგაცია, თურქეთის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების, შსს აკადემიის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე თურქეთის ეროვნული პოლიციის ექსპერტთა ჯგუფი გაეცნო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების და ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონმდებლობის, მისი გამოყენების სპეციფიკას და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი ღონიძიებების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციამ მოინახულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორია და ვალეს სასაზღვრო გამტარი პუნქტი.