შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები თბილისის N11 და N142 სკოლებში, ასევე შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალციხისა და ქვემო ჭალის სკოლებში გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანი სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციაა.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.