შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მაღალი რგოლის მენეჯერები, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მხარდაჭერით, იამაიკაში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის 37-ე საერთაშორისო კონფერენციაზე (IDEC) იმყოფებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისა და მათი მომარაგების ჯაჭვების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია (IDEC) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რომლის მიზანია საერთაშორისო გამოძიებისა და ნარკოტრეფიკინგის მიმართულებით ინფორმაციის გაზიარება, თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, სამართალდაცვით სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობა და ასევე, სამართალდაცვითი ორგანოების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, როგორც ოპერატიული აქტივობების, ისე შესაძლებლობების განვითარების კუთხით.