საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.
სამინისტროს თანამშრომელთა სიმრავლიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ცენტრების ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა 7 „კოვიდცენტრი“: თბილისში, თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
აღნიშნულ ცენტრებში კოვიდანალიზისათვის აღებული ნიმუშების თბილისის PCR ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თავად ახორციელებს. ნიმუშის აღებისთანავე ხდება NCDC-ის პორტალზე პირთა რეგისტრაცია, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შესაბამის პროგრამაში აიტვირთება.