საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ სწავლებაში „ETERNITY 2018“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა.
სწავლების მიზანი იყო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებისა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.
სწავლების სცენარი ემყარებოდა სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას და ნავთობსადენის პარალელურად სტრატეგიული დანიშნულების რკინიგზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი სამმხრივი სწავლება ყოველწლიურად როტაციის პრინციპით, სამივე ქვეყანაში ტარდება.