შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს - 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.