ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, პროექტის - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ ფარგლებში, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ეროვნული სიმულაციური ტრენინგი პირველად ჩატარდა.
სიმულაციურ სწავლებაში, რომელიც 5 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა, ფინანსთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
სწავლების და პროექტის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ოსაძე დაესწრო, რომელმაც პროექტის ბენეფიციარებს, ასევე, მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (OSCE) გაწეული დახმარებისა და პროექტის ორგანიზებისთვის. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე, ასევე, შედეგიანი და მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების და სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის მნიშვნელობაზე.
ეუთოს მხარდაჭერილი პროექტის და სწავლების ფარგლებში, წინასწარ მომზადებული, იმიტირებული სცენარის მიხედვით განსაზღვრული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები და აქტივობები, რომლებიც მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალურ სისხლის სამართლის საქმეებთან. შესაბამისად, ტრენინგის მონაწილეებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებაც ჰქონდათ.
პროექტის დახურვის ღონისძიების დასასრულს, ტრენინგში მონაწილე უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.