შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა, „bp საქართველომ“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს-სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ბაქო-სუფსის მილსადენის სუფსის ნავთობის ტერმინალის პერიმეტრზე. სწავლება მიზნად ისახავდა მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ობიექტზე არსებული პროცედურებისა და ინსტრუქციების პრაქტიკაში აქტიურად გამოყენებას, თანამშრომლების უნარ-ჩვევების ამაღლებასა და პროფესიონალიზმის გაზრდას.
პრაქტიკული სწავლების სცენარის მიხედვით, სუფსის ტერმინალის გარკვეულ მონაკვეთზე გაითიშა ვიდეო მონიტორინგის სათვალთვალო კამერები, ხოლო სხვა კამერების მიერ დაფიქსირდა ადამიანის სილუეტი. შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ განყოფილებას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო დანაყოფმა იმოქმედა „bp საქართველოს“ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კოორდინირებულად. პრაქტიკული სიმულაციის მიზანს თანამშრომლებისთვის სწრაფი და ორგანიზებული რეაგირების სწავლება წარმოადგენდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი და „bp საქართველო“ მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრაქტიკული უნარ-ჩვევების აქტიურ დანერგვას, კოორდინაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ზრდას.