შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის; საპატრულო პოლიციის; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის; დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონის თანამშრომლები ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ და „სინოფარმის“, ასევე „ფაიზერის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.