შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ინსლის, ასევე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS)-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის და შესაძლებლობების გაცნობა, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
შეხვედრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელი - II რანგის კაპიტანი შოთა მიროტაძე, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი - ჯულია ჰერსონსკისი, ამავე პროგრამის კავკასიისა და თურქეთის პროექტების მენეჯერი - კელონ ჯეკლინი და საქართველოში ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი - როზიცა პეტროვა ესწრებოდნენ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც (JMOC) ეწვივნენ.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.