შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდი „შსს აკადემია“ სუპერლიგის 2014-2015 წლის ჩემპიონი გახდა. „შსს აკადემია“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ სერიაში შარშანდელ ჩემპიონს - თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დღევანდელ გადამწყვეტ შეხვედრაში 76:62 დაამარცხა.
წლევანდელი სუპერლიგის ფინალური სერია საერთო ანგარიშით 3-1 დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი სპორტის სასახლეში გამართული დღევანდელი შეხვედრის განმავლობაში მუდმივად ლიდერობდა და „დინამოს“ დაწინაურების შესაძლებლობას არ აძლევდა. „შსს აკადემიის“ მოთამაშეებს შორის საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი ბექა წივწივაძე 19 ქულით, გიორგი ცინცაძემ და ბექა ჩიკვილაძემ 15-15 ქულა მოიპოვეს, ხოლო ნიკა მეტრეველმა 12 ქულა მოაგროვა გუნდის სასარგებლოდ.
„შსს აკადემია“ საქართველოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. პირველად გუნდმა სუპერლიგაში წარმატება 2012-13 წლების სეზონში მოიპოვა, 2013 წელსვე საქართველოს თასის მფლობელი გახდა.