საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მრჩევლები. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის პროექტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებების გამართვა.
საქართველოს მხრიდან აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
მოლაპარაკებებისა და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი ხელმოსაწერად მზად იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეები მომავალი თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ. პოლონეთის დელეგაციის წევრები შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და მიგრაციის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან.