შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
კონფერენციის მიზანი იყო შეხვედრის მონაწილეებისთვის სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა. მან სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმები და სიახლეები, ასევე, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და უწყების მიერ დაფინანსებული პროექტები გააცნო.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში ჩატარდა.