საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის ,,საქართველოს პირველი პრემიერის - ნოე რამიშვილის მკვლელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა საბჭოთა ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაციის დეტალებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ, დღემდე გაუხმაურებელ დოკუმენტებს და ემიგრანტულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ავტორის გელა სულაძის მიერ მოძიებულ ცნობებს მოიცავს.
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის - ნოე რამიშვილის შესახებ წიგნი შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით და მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას ისტორიკოსები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ნოე რამიშვილის შთამომავლები დაესწრნენ. მათ შორის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ნოე რამიშვილის შთამომავლებმა გასულ წელს, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელ დიდ ვანში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და სახლი ააშენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.