მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.