შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ცენტრში განთავსებული სრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, რომელიც სოფელ მარტყოფში მდებარეობს, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე, ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და სერვისებს გაეცნენ.
ცენტრი აშენდა და ფუნქციონირებს ევროკავშირის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) მხარდაჭერით.