75 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში და "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ეფექტიანი გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, გამკაცრდება ბრძოლა ე.წ. "ქურდული სამყაროს" და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, მკაცრდება არა მარტო სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, ასევე, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება. დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.