შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის შემდეგ, მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს კახეთში, თელავის 4 სხვადასხვა საჯარო სკოლაში: მეფე ერეკლე II-ის სახელობის N1, მერაბ კოსტავას სახელობის N4 , ასევე, N7 და N9 საჯარო სკოლებში.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
სკოლებში შეხვედრების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ღონისძიებები გრძელდება.