შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გორში, ქალაქის ცენტრში, შადრევნის სკვერში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში, საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი, ასევე, ქალაქ გორის მერი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ღონისძიებაზე მისული სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას ეცნობიან. ასევე, მათ შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.
კამპანიის ფარგლებში ასევე გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.