2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებულ იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილ იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის გადაადგილების ბოლო მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციამ გადაამოწმა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილ იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.
ზემოხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე მის მიერვე იყო შეძენილი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აქტიური მოქმედებები დაიწყო ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.
მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა, ორ პირთან ერთად, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში აღნიშნული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.
ბიძინა კუჭავას ტანსაცმლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.
გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული არ ეხება ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობას.
საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვამცნობთ.