მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მკაცრად დაისჯება ამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
გაცნობებთ, რომ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანში, იარაღის მუქარით ბიულეტენები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 162-ე მუხლით).
ასევე, დაკავებული არიან ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები. მათ ბრალი 163-ე მუხლით წარედგინათ, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 ივნისს, 20:30 წუთზე 22-ე საარჩევნო უბანში შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დააზიანეს და ბიულეტენები დახიეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება შეტყობინებისთანავე მოახდინეს. წუხელვე დაიკითხნენ შემთხვევის თვითმხილველები.
ასევე, დედოფლისწყაროს რაიონში, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი. ორი პირი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ღამით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით). ხოლო დედოფლისწყაროში, გომელაურის ქუჩაზე, N3 ბაგა-ბაღში განთავსებულ N20 საარჩევნო უბანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ერთ-ერთ დამკვირვებელს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ პნევმატური იარაღიდან ჰაერში ერთხელ გაისროლა. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება.