ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს ამოცანას. სამინისტროში მიმდინარე ყველა რეფორმა ემსახურება შსს-ს მუშაობის ეფექტურობის ზრდას. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია შსს-ს განვითარების სტრატეგიაში. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მრავალმხრივი მუშაობა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, სამართალდამცველებს პერმანენტულად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები. სამინისტროს წარმომადგენლები ჩართულნი არიან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში იმართება სამუშაო შეხვედრები, ხოლო შსს-ს ინიციატივით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რეგიონალური მასშტაბით ტარდება ღია დისკუსიები იმ უწყებების ჩართულობით, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ოჯახში ძალადობაზე რეაგირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითად პრიორიტეტად აცხადებს ძალადობასთან ბრძოლას, მათ შორის, ოჯახში ძალადობასთან და მზადაა არსებული რესურსითა და საზოგადოების მხარდაჭერით პრინციპულად გააგრძელოს მუშაობა მის წინააღმდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის თითოეულ ფაქტზე მონიტორინგის წარმოება და რეაგირების ადეკვატურობის ანალიზი. არსებული ხარვეზების გამოკვეთის და მათზე კოორდინირებული რეაგირების მიზნით, იგეგმება საგანგებო შეხვედრის ორგანიზება ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა უძლურია ამ მეტად სენსიტიური და რთული პრობლემის წინაშე, შესაბამისად, აუცილებელია სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა და მათი მხრიდან გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის მეტი აქტივობით წარმოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს და გააფართოვოს ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
აგრეთვე მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ გულისხმიერება და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია შეგვატყობინონ "112"-ის ცხელი ხაზის საშუალებით, ხოლო სამართალდამცველთა მიერ არაადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, დარეკონ შსს-ს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე "126".