ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 - ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.