შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტია გახსნილი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.