შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩის” განცხადებას .
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა.
შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან.