21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია, კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა.