მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით.
კატეგორიულად უარვყოფთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან პოლიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ სამართლდამცველთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.
სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალის სახით.
გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური განცხადებებისგან.