8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამართალდამცველთა ჯგუფებმა არჩევნების დღეს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე შესაბამისი ღონისძიებები განახორციელეს.
არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რიგი ინციდენტები დაფიქსირდა, რომლებზეც სამართლდამცველებმა მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.
კერძოდ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
უცნობი პირები შეიჭრენ სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 163-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინციდენტი მოხდა ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.
შსს მომავალშიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.