შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -„ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ვინიკოვი დაესწრნენ, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც შსს-ს აკადემიაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, კერძოდ, შსს-ს აკადემიის თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და სამუშაო აღწერილობების განახლებული კონცეფციის მნიშვნელობას.
ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.