შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.