2 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე თბილისში აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შს მინისტრმა სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილსინდისიერად შესრულებით, ჩვენი თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას. ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. ამ მიზნით, ჩვენ გავაღრმავეთ თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
ბუნებრივია, ეს არაა საკმარისი. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს.
ჩემთვის მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ საქართველოს პოლიცია, როგორც არასდროს, არის საზოგადოებაზე ორიენტიერებული. 2012 წლის შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა. დიახ, მე და თქვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელი - მიუხედავად რასისა, სქესისა, ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. მსურს, ეს გახსოვდეთ და ყოველთვის ამაყობდეთ ამით!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცველებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს გამორჩეულ თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, ვადამდელი წოდება მიანიჭა, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარმოადგინა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, დამსწრე საზოგადოების წინაშე ვაჟთა გუნდი „მართვე“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარსდგნენ.