შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ტ.ც. და 1990 წელს დაბადებული ო.ჩ. დააკავეს.
ტ.ც.-ს ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო.ჩ.-ს კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი - 2000 ლარი ტ.ც.-მ წინასწარი შეთანხმებით, ამავე ონლაინ ტოტალიზატორის მომხმარებელ ო.ჩ.-სთან ერთად გაანაღდა. მეორე ნაწილი კი - 5000 ლარი ტ.ც.-მ ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.