შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა.
2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.
პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.
რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ინტერნეტ-პლატფორმა ,"მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით - "MEGASHOP", რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა ვებგვერდ ,,მატანგას’’ ანგარიშზე ერიცხებოდათ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და "კოკაინი". გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინინარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდნენ. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 13 კილოგრამი "ჰეროინი", 1530 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2400 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მიცემულ 676 პირს შორის - 55 ნარკორეალიზატორია.