შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ან გაფლანგვის, ცრუ ჩვენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ნათესაურ კავშირში მყოფი ორი პირი - რ.ხ. და ლ.ზ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა - 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ დანაშაული თავის ნათესავთან - 1990 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან ერთად დაგეგმა და მისი დახმარებით ზაჰესის დასახლებაში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც დამონტაჟებული არ არის ვიდეოსათვალთვალო კამერები, დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასაციის შემდეგ, ლ.ზ.-მ, შეთანხმებისამებრ, რ.ხ.-ს ხელები შეუკრა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რ.ხ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ლ.ზ. კი თბილისში დააკავეს. საგამოძიებო ექსპერიმენტისას, პოლიციამ გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.