შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 პირი თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ.ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს.მ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარი დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული ლ.შ.-სთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცველებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.