შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.
ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.