შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) 8 პირს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის მოქალაქე. სამართალდამცველებმა, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული ცხოვრობდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ორი მოქალაქეა დაკავებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ე.ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკვრად დაფასოებული 900 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში გადასვლას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ქალი სარფში დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი „სუბოქსინი და 20 აბი „მეტადონი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 72 პირს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების გავრცელებასთან შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს!