საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინფორმაციო ზონაში გაეცნონ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს.
სტუმრებს საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან დახვდებათ საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი, სადაც ისინი გაივლიან „სასაზღვრო კონტროლს“, მიიღებენ საინფორმაციო რუკას, თუ რომელ ზონებს უნდა ეწვიონ.
ქალაქ მცხეთაში, ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგილ "112"-ის სერვისებს გაეცნონ.
ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში სტუმრები დაათვალიერებენ სტენდებს, სადაც განთავსებული იქნება ქართულ-ევროპული ურთიერთობების და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალები.
ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, ასევე მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:
➢ მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს;
➢ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, ასევე, ბავშვები შეძლებენ დეტალურად გაეცნონ, თუ როგორ ხდება თითის ანაბეჭდების აღება;
➢ სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილი იქნება სანაპირო დაცვის მცურავი საშუალების - გემის 2D მაკეტი;
➢ დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს;
➢ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს, მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით;
➢ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. გამარჯვებულ ბავშვებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.