შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე არსებული რისკები და დამსვენებელთა საჩივრები განიხილეს. ინციდენტების და რისკების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სათხილამურო ტრასებზე მოსრიალეთა, მათ შორის, ბავშვების უსაფრთხოება წარმოადგენს, როდესაც ერთი და იგივე სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურეებთან ერთად თოვლმავალი მოტოტრანსპორტიც გადაადგილდება.
დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გუდაურის სათხილამურო ტრასის პირველ მონაკვეთზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტისთვის ცალკე ბილიკი უკვე გაკეთდა, რომელიც სპეციალური ნიშნებით იქნება გამოყოფილი. ასევე, მახლობლად გამოიყო და კეთილმოეწყო ვრცელი ტერიტორია, სადაც დამსვენებლებს თოვლმავალი მოტოტრანსპორტით სეირნობის საშუალება ექნებათ.
სხვა მონაკვეთებზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება და მხოლოდ სამაშველო ღონისძიების ან პატრულირების დროს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს პოლიცია გააკონტროლებს. დამატებით, იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეები დაინახავენ სათხილამურო ტრასაზე თოვლმავალს შეუძლიათ დაუკავშირდნენ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის სპეციალური ჯგუფი მოახდენს რეაგირებას და აღკვეთს მოძრაობას.