შსს-ს უბნის ინსპექტორებს და საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლების მეთოდიკის შესახებ ერთობლივი ტრენინგი ჩაუტარდათ.
„სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ინტერაქტიული და პრევენციაზე ორიენტირებულია, რაც მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ჩატარდა შერჩეული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის სამართალდამცველისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით.
მოსამზადებელ ტრენინგებზე პროექტის მონაწილე პედაგოგებმა და სამართალდამცველებმა, გაკვეთილის წარმოების მეთოდიკის პარალელურად, სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს მოზარდების ფსიქო-სოციალური განვითარების შესახებ. ტრენინგს განათლების სფეროს ექსპერტები და ის სამართალდამცველები უძღვებოდნენ, რომლებსაც დიდი ხნის გამოცდილება აქვთ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული აქტივობის შესრულებაში.
პროგრამას, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკული ორგანიზაცია „PH International“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.