შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, კერძოდ, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებებზე, სადისტრიბუციო ავტომანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასა და უსაფრთხოების ზომების განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, ასევე დაიგეგმა, უწყებებს შორის კოორდინაციის ძირითადი მექანიზმი, რომელიც არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დედაქალაქში პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად, უწყებებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა უფრო ქმედითი გახდეს.
„კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები ვალდებული არიან, ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რადგან იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს, როგორც ქალაქისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და განსაკუთრებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. შეხვედრაზე კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი დავგეგმეთ, რომელმაც ეფექტურად უნდა იმუშაოს. თანამშრომლებს დავუსახეთ ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე დღის წინ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა პატრულირება დაიწყეს იმ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ფიქსირდება. საპატრულო ეკიპაჟები, ასევე, პატრულირებენ ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებთან, რათა მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
„იქ, სადაც ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მოქალაქეებს და მძღოლებს უსაფრთხოდ გადაადგილებაში დაეხმარონ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკითხის სისტემური გადაწყვეტა. შესაბამისად, ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, რომ აღნიშნულ საკითხს უფრო სისტემურად მივუდგეთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი, ზოგადად, ქალაქში საცობების მოწესრიგება იყო. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. რამდენიმე მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება გვაქვს დაგეგმილი. მერიამ „თბილსერვის ჯგუფს“ და მის ხელმძღვანელს უკვე დაავალა, რომ უახლოეს მომავალში, ნარჩენების გატანის გეგმა წარმოადგინოს, რათა მათი გატანა ღამის საათებში მოხდეს და დღის განმავლობაში, მოძრაობა არ შეიზღუდოს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილეს, რათა დღის განმავლობაში, ქალაქში სატვირთო ავტომანქანების შემოსვლა არ მოხდეს და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.
„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ასევე, ისიც, რომ ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან ჩერდებიან. შესაბამისად, დავიწყებთ მუშაობას, რომ გამოიყოს კონკრეტული ქუჩები, სადაც მიკროავტობუსების მძღოლებს გაჩერების შესაძლებლობა მხოლოდ გაჩერებებზე ჰქონდეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რადგან ისინი „ზებრა“-გადასასვლელებზე არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ასევე, სერიოზულ პრობლემას უქმნიან მძღოლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მან ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური კამერების დამონტაჟების აუცილებლობაზეც გაამახვილა.