შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა. 4 მათგანს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - "მამაცობისათვის", 8 მესაზღვრე კი დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".
დაჯილდოების ცერემონიას მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და მისი პირველი მოადგილე, კახაბერ ჩიქოვანი დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა.