შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებში მონაწილე პოლიციელებს შეხვდა. მინისტრმა გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს თამაშებზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა, თითოეულ მათგანს მადლობის სიგელები და ფულადი საჩუქრები გადასცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ოლიმპიურ თამაშებში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 სპორტსმენმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სპორტის ორ სახეობაში - ძიუდოსა და ცურვაში 21 მედალი მოიპოვეს: 3 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს. წელს ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა სპორტულ თამაშებში 32 ქვეყნის მოქმედი და ვეტერანი ჩემპიონი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. უშანგი კუზანაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა (66 კგ წონით კატეგორიაში); მიხეილ ხომიზურმა ასევე ოქროს მედალი მოიპოვა (73 კგ წონით კატეგორიაში); გიორგი ბერძენიშვილმა სხვადასხვა სტილით ცურვაში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა; ნოდარ მჭედლიშვილმა 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა (81 კგ წონით კატეგორიაში); გიორგი ბოლოთაშვილმა ასევე 1 ვერცხლის მედალი მიიღო (100 კგ წონით კატეგორიაში). ზვიად ჩინჩალაძემ 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა ( + 100 კგ წონით კატეგორიაში, მძიმე წონაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში); გელა ბარათაშვილმა 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო (60 კგ წონით კატეგორიაში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში); თორნიკე გვენეტაძემ 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო (90 კგ წონით კატეგორიაში); მოცურავეებმა: გიორგი სამარღანიშვილმა 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლევან ვარამაშვილმა 2 ბრინჯაოს მედალი აიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი აღნიშნული წარმატებების გაუმჯობესებას მომავალში მსოფლიოს მეხანძრეთა და პოლიციელთა თამაშებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს.