შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულებს მადლობის სიგელები და „iPad Air” გადასცა.
გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი. საუკეთესო სტატიის ავტორად „გურიანიუსის“ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა, რომელმაც კონკურსისთვის ნამუშევარი „არა ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით“ წარმოადგინა. საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა. საუკეთესო ტელეგადაცემისთვის, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების თემაზე მომზადდა, პრიზი ტელეკომპანია „იმედის“ „დღის შოუ“-ს წამყვანებს – ნანიკო ხაზარაძეს და სოფო ნარჩემაშვილს გადაეცათ. საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დასახელდა.
სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ ივანე ჯავახიშვილოის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის. მინისტრმა მადლობის სიგელები ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს გადასცა.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე - „არა ბიონარკოტიკს“ 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.