საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ, ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ესპანურმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში საქართველოს პოლიციის ატაშეს როლსა და მისი უშუალო ჩართულობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ერთობლივ წარმატებულ ოპერაციებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს ეროვნულ პოლიციას შორის პარტნიორობის განცხადებას ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ, რაც მხარეთა შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
შეხვედრის დასასრულს, შალვა ბედოიძემ ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.