შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.
ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირებული, სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ნინო ცაციაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებელი და მათზე რეაგირების ხარისხი.
2019 წლის მაისის შემდგომ, ზემოხსენებული მუხლის ამოქმედების დღიდან, სექსუალური შევიწროების საკითხებზე, 200-ზე მეტმა სამართალდამცველმა გაიარა შესაბამისი სწავლება. აღნიშნული პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება. სამართალდამცველთათვის სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს საზოგადოებრივ ადგილას ჩადენილ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.