შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.
ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.
ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.