შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის შეხვედრაში.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - ბუბა ლომუაშვილმა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და გენერალური პროკურორის მოადგილემ - ნათია მერებაშვილმა.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა და ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება.
ღონისძიების დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს და ევროკავშირს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიების მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. იგი ითვალისწინებს გააძლიეროს ოჯახებისგან განცალკევების რისკის მქონე, ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა და მხარდაჭერა.