თბილისში ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის -"არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“- მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საკომიტეტო შეხვედრის მონაწილეებს. მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილე - ვაჰაგ მურადიანი.
შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებაა. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვან მსხვერპლებსა და დამნაშავეებთან სამუშაოდ, ასევე, დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად.